7 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის ოფიციალურად მხარდაჭერილი და მის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) მიერაა ორგანიზებული და მისი მხარდაჭერები არიან ასევე კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აქციის შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა წარმოადგენს ფინანსების მოზიდვის მიზნით ორგანიზებულ უმსხვილეს ღონისძიებას მრავალი ქართველი ხელოვანის და ხალხური რეწვის ავტორის, კომპანიის და ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების (ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, სომხეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, იტალიის, იაპონიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, კატარის, ბრაზილიის, პოლონეთის) მონაწილეობით. გამოფენაზე ასევე მოეწყობა სკანდინავიური ქვეყნების კუთხე.
გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც დილის 10.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე გასტანს, საელჩოებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველ ხელოვანთა ნაწარმოებები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული პროდუქცია, ინტერნაციონალური სამზარეულო და ბავშვების გასართობი ოთახი, აგრეთვე მოეწყობა ლატარეა და მეორადი წიგნების გამოფენა-გაყიდვა.