აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის მამა, 82 წლის თომას მარკლი, ფლორიდაში დააკავა. მედიის ცნობით, მას ბრალად ედება ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შენახვა. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა.
აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე ორი საცავი გაჩხრიკეს, რომლებიც მარკლს 2008 წლიდან ჰქონდა ნაქირავები. მათ დაახლოებით 78 ნივთი ამოიღეს, მათ შორის სლაიდები, ფოტოფირის ნეგატივები და წიგნები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალებს შეიცავდა.
მარკლის დაკავებას წინ უძღოდა გამოძიება, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ვაჟის, თომას მარკლ უმცროსის განცხადებით, მან ფილიპინებში მამის ყოფილ საცხოვრებელ სახლში ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტოების კოლექცია აღმოაჩინა. ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებაში ფილიპინებისა და აშშ-ის სამართალდამცველები ჩაერთნენ.
თომას მარკლი ბრალდებებს უარყოფს და მათ „ავადმყოფურ ტყუილებს“ უწოდებს. მეგან მარკლმა ოქტომბერში განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობებით „ღრმად შეწუხებულია“ და იმედი გამოთქვა, რომ შესაძლო დაზარალებული ბავშვები დაცულები იქნებიან. მან ასევე განმარტა, რომ მამასთან ურთიერთობის გაწყვეტისა და შვილებთან მისი კონტაქტის შეზღუდვის მიზეზი ბავშვების დაცვა იყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თომას მარკლს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.