აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის უკრაინაში ომის დასრულებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
კორნელიუსის განცხადებით, გერმანიის კანცლერი ტრამპის გეგმებსა და მოსაზრებებში ჩართულია. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა ინფორმირებულია აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ და ამ პროცესში ევროპელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს.
მთავრობის პრესსპიკერის განმარტებით, ბერლინი და ვაშინგტონი ოთხ ძირითად საკითხზე თანხმდებიან: პირველ რიგში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს; ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე; შეთანხმება მხოლოდ ყველა საკითხზე ერთიანი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უნდა გაფორმდეს; ამასთან, პროცესში ნატო-ს მოკავშირეების თანხმობა აუცილებელია.
კორნელიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები ევროპული მხარის მონაწილეობის გარეშე შედეგიანი ვერ იქნება, რადგან ეს საკითხები უშუალოდ ევროპის უსაფრთხოებას ეხება.
მისივე თქმით, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ბოლო პერიოდში გამართული კონტაქტები აბუ-დაბიში მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებებისა და შესაძლო შემდგომი შეხვედრების მომზადების ნაწილია. ამ პროცესში გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი (E3 ფორმატში) და სხვა ევროპელი პარტნიორები არიან ჩართული.
კორნელიუსის შეფასებით, აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში „გადაუდებლობის ახალი განცდა“ გაჩნდა, ხოლო მოლაპარაკებების მანდატი მნიშვნელოვნად დაკონკრეტდა.