რუსეთის ომის დასრულების გზების ძიების მიზნით დიპლომატიური პროცესის განახლების კიდევ ერთი მცდელობის მიუხედავად, ვითარება კვლავ მძიმეა და ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობა გარდაუვალია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა,
კერძოდ, ვარშავაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კალასმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების მიზნით ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ახალი ეტაპი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ევროპა მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული.
„თუმცა, დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ადგილზე არსებული ვითარება მძიმეა“, - განაცხადა კალასმა.
„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის ავიადარტყმებს უკრაინაში სულ მცირე 45 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობა გარდაუვალია. უკრაინას კი კიდევ ერთი ძალიან მძიმე ზამთარი ელის“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს იმ უკრაინულ ელექტროსადგურებზე თავდასხმებს, რომლებიც მოსახლეობას ელექტროენერგიით, გათბობითა და წყლით ამარაგებს.
„მოსკოვი უკრაინის გაყინვას ცდილობს, რათა ქვეყანა კაპიტულაციაზე დაითანხმოს, თუმცა ამის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადა კალასმა.
ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ამ კვირაში უკრაინას მდგრადობის გასაძლიერებლად დამატებით 4.36 მილიარდი ევრო გამოუყო. თუმცა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღიარებს, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთს წინსვლა შეჩერებულია რადგან ოქტომბერში ფრონტზე რეკორდული რაოდენობის - 54 ათასი სამხედრო დაკარგა, რაც, მისი შეფასებით, შემაძრწუნებელი მაჩვენებელია.
„რუსეთი ასეთი მასშტაბის დანაკარგებს უსასრულოდ ვერ გაუძლებს“, - განაცხადა კალასმა.