აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა განაცხადა შეხვედრაზე ყურადღება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
,, ძირითადად ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ ელემენტებსა და ასპექტებზე, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაფიქსირდა, ასევე იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშე დღეს ხელისუფლება დგას. პარლამენტის როლზე ვთქვი, რომ მისი როლი გაიზარდა და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაბალანსებული სისტემა არსებობს. ასევე ვისაუბრე მედიის თავისუფლებაზე და ამ კუთხითაც პროგრესი შეინიშნება. გარდა ამისა, ყურადღება გავამახვილე 2013 წლის არჩევნების თავისუფლებაზე, რომელიც მართლაც სამაგალითო იყო. რაც შეეხება პრობლემატიკას, ამ კუთხით საუბარი იყო უმცირესობის უფლებების დაცვაზე, რომელშიც უფრო ეფექტური უნდა იყოს ხელისუფლება", _ განაცხადა ეკა გიგაურმა.