ლატვიის ქალაქ ვენსტპილსში არსებულ გლობუსზე სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო დატანილი - შეცდომა გამოსწორებულია. ამის შესახებ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ლატვიაში საქართველოს საელჩომ აცნობა.
„საქართველოს საელჩომ ლატვიაში აწარმოა მოლაპარაკებები როგორც ქ. ვენსტპილსის მერიასთან, ისე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღნიშნულ გლობუსზე განხორციელდა ცვლილება და საქართველო დატანილია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", _ ნათქვამია ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ სააგენტოსათვის გამოგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მყოფმა "ჯი-ეიჩ-ენის" ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ქალაქის საბავშო-გასართობი პარკის „ფანტაზიის" შესასვლელში დადგმულ დიდი გლობუსზე საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ფერებად ანუ სხვა და სხვა ქვეყნებად არის დატანილი. საქართველოს დედაქალაქად თბილისი, აფხაზეთის კი - სოხუმია აღნიშნულია. "ჯი-ეიჩ-ენის" ჟურნალისტი შეეცადა პარკის ადმინისტრაცისტან გაერკვია აღნიშნულის შესახებ , თუმცა მათ განაცხადეს რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება. "ჯი-ეიჩ-ენი" ლატვიაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა. საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში ქ. ვენსტპილსის მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებს დაუკავშირდა, მიაწოდა ინფორმაცია გლობუსზე აფხაზეთის ცალკე ქვეყნად დატანებასთან დაკავშირებით და შესაბამისად გამოთქვა შეშფოთება.
მეორე დღეს, ქალაქ ვენსტპილსის მუნიციპალიტეტმა ბოდიში მოიხადა მათ ქალაქში არსებულ გლობუსზე საქართველოსა და აფხაზეთის ცალკე ქვეყნებად მონიშვის ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მათივე ინფორმაციით, ქ. ვენსტპილსის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მოახდინეს დაუყონებლივი რეაგირება და ადგილზე გააგზავნეს სპეციალური ჯგუფი. "ქ. ვენსტპილსის მუნიციპალიტეტმა ბოდიში მოიხადა ამ ფაქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", _ წერდა საქართველოს საელჩო ლატვიაში.
ცნობისთვის, ვენტსპილსი ლატვიაში სიდიდით მეექვსე ქალაქია, სადაც 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 43 ათასი შეადგინა. ქალაქის ფართობი 55,4 კმ²-ს შეადგენს.