ხვალ, 28 ნოემბერს 13:00 საათზე, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია იწყება. ახლადდაარსებული ფონდი „გაამწვანე საქართველო", პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, პირველ აქციას მახათას მთაზე გამართავს.
საკუთარი ოჯახის სახელზე თითო ხეს დარგავენ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები, ტაძრის ქტიტორები, ასევე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში გაწევრიანებული ადამიანები, სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. სტუმრებს მშენებარე ტაძრის დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. ამ ტაძარს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი შემოწირულობით ვაშენებთ. დღეისათვის ამ ისტორიულ მშენებლობაში გაწევრიანებულთა რიცხვი 240 000 ადამიანს გადსცდა. მსურველთა გაწევრიანება ყოველდღიურად გრძელდება.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ერთადერთია, რომელიც შენდება ცოცხლებისა და გარდაცვლილების სახელზე თანაბარი შემოწირულობით.
ამჟამად ტაძრის კედლების ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. ტაძრის სიგრძე 64, სიგანე 32, ხოლო სიმაღლე 51 მეტრი იქნება (ჯვრის ძირამდე).