მიმდინარე წლის მარტიდან სახელმწიფომ 40-ზე მეტ ინვესტორს დაკისრებული ჯარიმები აპატია, რომელთაც ამ ეტაპისთვის საინვესტიციო ვალდებულებები შესრულებული აქვთ.
სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 50-ზე მეტი ინვესტორის საქმე განიხილა, თუმცა დადებითი ვერდიქტი და ინვესტორებისათვის პირგასამტეხლოს პატიება და საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაწევის გადაწყვეტილება მხოლოდ 40-ზე მეტ ინვესტორთან მიმართებაში გამოიტანა. თუმცა საუბარია იმ ინვესტორებზე, რომელთაც ამ ეტაპისთვის საინვესტიციო ვალდებულებები შესრულებული აქვთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, დღეისათვის ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2,8 მლნ ლარია. ქუმსიშვილის განმარტებით, კომისია თვეში ერთხელ იკრიბება და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე ინვესტორებისათვის დამატებით 4,6 მლნ ლარის პირგასამტეხლოს პატიების საკითხის განხილვა მოხდება.
„გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით საქართველოს მთავრობას წარედგინა დადგენილების პროექტი და მთავრობის 28 მარტის დადგენილებით, შეიქმნა სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებათა დაკავშირებული საკითხთა შემსწავლელი კომისია.
საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობებს, რომ ჩვენ კომპანიებს ვაპატიოთ პირგასამტეხლოები, არის „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონი, რომელიც ამბობს, რომ საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობის კომპეტენციას განეკუთნება აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ანუ კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ ეს იყო კომპლექსური საკითხები და მის მუშაობაში ჩასართავი იყო ბევრი უწყება. შესაბამისად მხოლოდ ეკონომიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან პირდაპირ მთავრობაზე, რომ არ გასულიყო ასეთი საკითხები, შევქმენით კომისია, რომლის წევრებიც არიან ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდა ამისა კომისიის მუშაობაში, როგორც მდივანი და საკითხების ძირითადი წარმდგენი, ჩართულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომელიც ეხება სხვა მომიჯნავე სამინისტროებს, ხმის უფლებით აუცილებლად ვიწვევთ ამ სამინისტროს წარმომადგენლებსაც. მაგალითად, თუ საკითხი ეხება განათლების სამინისტროს განხილვაზე მოდის განათლების სამინისტრო. იგივე ეხლება სხვა სამინისტროებს და ასე შემდეგ, რადგანაც ფაქტობრივად ყველა სფეროსთან მიმართებაში არსებობს საინვესტიციო ხელშეკრულებები და ვალდებულებები"- განმარტავს ქუმსიშვილი.
მისივე განმარტებით, უწყებათაშორისი კომისია განიხილავს მხოლოდ ისეთ საკითხებს, რომელშიც სულ მცირე 100 ათას ლარზე მეტი პირგასამტეხლოს პატიებაზეა საუბარი.
„კომისია განიხილავს საკითხებს, რომელშიც სულ მცირე 100 ათას ლარზე მეტი პირგასამტეხლოს პატიებაზე და ასევე გადასავადებელია 1 წელზე მეტი ვადით საინვესტიციო ვალდებულება. ანუ თუ 100 ათას ლარზე ნაკლებია საპატიებელი, საკითხს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამზადებს და მერე გადასცემს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და შემდგომ სამინისტროს გააქვს მთავრობის სხდომაზე. საკითხის გადაწყვეტის საბოლოო დისკრეცია აქვს მთავრობას, თუმცა წარმოიდგინეთ, როდესაც საკითხები არის ძალიან კომპლექსური და ძალიან რთული, მინისტრის გადაწყვეტილება იყო სწორი, რომ უწყებათაშორის კომისიაზე ეს ყველაფერი განხილულიყო, ყველა შეკითხვა ამოწურულიყო და შემდგომ გასულიყო მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად. თუმცა მთავრობასაც აქვს შეკითხვები"- აცხადებს მინისტრის მოადგილე.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, არის ისეთი პროექტები, სადაც ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500-100 ლარის გადახდა უწევს და ასევე არის ერთი ისეთი მსხვილი პროექტიც, სადაც ხელშეკრულებაში დევს, რომ კომპანიას ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 250 ათასი დოლარი დაერიცხება.
„პროექტები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: პროექტები რომელშიც საინვესტიციო ხელშეკრულებები შესრულდა, თუმცა დაგვიანებით, ან შესრულდა და იქ არის არსებითი გადახრა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებიდან, ან საინვესტიციო ვალდებულებაში იყო ჩადებული ისეთი პირობა, რომლის შესრულებაც დღეს არის არააქტუალური და ამის გამო ამ სუბიექტს შესაძლოა პირგასამტეხლოდ მილიონობით ლარიც კი დაეკისროს. რადგანაც ხელშეკრულებებში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩადებულია 500-1000 ლარის ჯარიმა. ჩვენ გვაქვს ისეთი კონტრაქტიც, სადაც წერია 250 ათასი დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გარდა ამისა, არის მეორე ჯგუფის კომპანიები, რომელთაც პირობით ვაპატიეთ ჩვენ ჯარიმები იმისათვის, რომ მათ განაახლონ და გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა. საუბარია ძალიან ბევრ მილიონ ლარზე, მაგრამ ვამბობთ, რომ ეს არის პირობით ნაპატიები და ბოლომდე არაა ნაპატიები. პირობით ნაპატიები ამ დროისათვის არის 10 მლნ ლარზე მეტი. ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ინვესტორებმა განაახლონ თავიანთი საქმიანობა"- განმარტავს დიმიტრი ქუმსიშვილი
მისივე განმარტებით, პირგასამტეხლოს პატიებისთვის, ან ვალდებულებების შესრულების გადავადებისათვის, ინვესტორებმა ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით თავად უნდა მიმართონ და თუ სამინისტრო და შემდგომ უწყებათაშორისი კომისია ჩათვლის, რომ ინვესტორთა არგუმენტები საფუძვლიანია, მაშინ მათ მიმართ დადებითი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.