ეუთო საქართველოში თავისი წარმომადგენლობის აღდგენას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ რუსულ სააგენტო „რია ნოვოისტისათვის" მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანნერმა გააკეთა.
„საპარლამენტო არჩევნების მომენტიდან ჩვენი აქტიური ურთიერთქმედება საქართველოს ხელისუფლებასთან ნარჩუნდება. ერთ თვეზე ნაკლები დროის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგალითად, ეუთოს საბჭოში, ვენაში გამოდიოდა", _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
თუმცა, მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს ქვეყანაში წარმომადგენლობა არ აქვს „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გვერდიდან ვადევნოთ თვალყური ცვლილებებს".
„მე ვაპირებ საქართველოს მონახულებას მომდევნო წელს და ერთ ერთი მთავარი სასაუბრო თემა ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა იქნება საქართველოში. ეს დაგვეხმარება ჩვენ უფრო ეფექტურად მოვახდინოთ რეგიონში პროექტების რეალიზება", _ აცხადებს ლამბერტო ზანნერი.
მისივე თქმით, საქართველოში ორგანიზაციის ყოფნაზე, ისევე როგორც გეოგრაფიულ და თემატურ ჩარჩოებში საქმიანობის შესახებ მუდმივად მიმდინარეობს.
„ნებისნიერი გადაწყვეტილება ეუთოს უშუალოდ ადგილზე ყოფნის, მის მანდატზე, მოდალობაზე და საქმიიანობაზე ორგანიზაციის 57 წევრი-სახელმწიფოს მიერ მიიღება", _ აღნიშნავს გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს წარმომადგენლობამ საქართველოში მუშაობა 2009 წლის ივნისში შეწყვიტა. საქართველოში ეუთოს მისიის მუშაობას რუსეთმა ვეტო მას შემდეგ დაადო, რაც მან, საქართველოს რეგიონები - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
ამჟამად ეუთოს როლი საქართველოსთან მიმართებით განისაზღვრება თანათავმჯდომარის რანგით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მეურვეობით.
სხვადასხვაგვარი მცდელობისა და საკმაოდ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, 2009 წლის შემდეგ ვერც ერთმა მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ ვერ მოახერხა ეუთოს სრულფასოვანი მისიის დაბრუნება საქართველოში. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა საბერძნეთის თავმჯდომარეობა, თუმცა რუსეთი არც მის მიერ შეთავაზებული სტატუსნეიტრალური მისიის ამოქმედების იდეას დასთანხმდა.
ეუთოს საქმიანობის დაბლოკვის შესაძლებლობა რუსეთს მისცა ეუთოში დამკვიდრებულმა კონსენსუსის პრინციპმა, რომლის მიხედვითაც, ამა თუ იმ საკითხის ჩასაგდებად 57 წევრი სახელმწიფოდან რომელიმე ერთის უარიც საკმარისია.
მასალის გამოყენების პირობები