2014 წლისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 15,3 მლნ ლარით მცირდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა თარგამაძემ გააკეთა. თარგამაძის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში, პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა 8-ჯერაა შემცირებული. თარგამაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემცირება რეგიონში უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„2014 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი 15,3 მლნ ლარით მცირდება, შემოსავლებზეა საუბარი. შემოსავლების მოცულობა 137 მლნ ლარი იყო დაგეგმილი 2013 წელს, თუმცა 2014 წლისთვის დაგეგმილია 121 მლნ 950 ათასი ლარის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ოფიციალურად ხდება იმის დეკლარირება, რომ სამუშაო ადგილები არ მოიმატებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ამავე დროს ამას ემატება ის გარემოება, რომ პრივატიზაციის მოცულობა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 8-ჯერ მცირდება"- აცხადებს ეკა თარგამაძე.
თუმცა როგორც „აჭარის ტელევიზიას" რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განუმარტა, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ბიუჯეტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ნამდვილად არ ვიცი საიდან მოაქვთ ასეთი ინფორმაციები, რომ ბიუჯეტი მცირდება. იგივე შეიძლება ითქვას პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხთანაც, მაგრამ მე ვერ ვხედავ დიდ კატასტროფას რომ ბიუჯეტში პრივატიზაციის წილი იყოს შემცირებული, ვინაიდან მიმდინარე წელსაც არ ყოფილა პრივატიზაციის წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებში. ვინაიდან შემოსავლის დიდი ნაწილი, მაინც საშემოსავლო გადასახადზე მოდის"- განმარტა დავით ბალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან განუცხადეს, რომ აჭარის, 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის საპროგნოზო მაჩვენებელი 129 მლნ 24 ათას 200 ლარით იყო განისაზღვრული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები 121 930,0 ათას ლარს შეადგენს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლი 118 000,0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი შემოსავლები 137 მლნ 253 ათას 200 ლარით იყო განსაზღვრული.
როგორც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014-2017 წლების პრიორიტეტების" დოკუმენტშია განმარტებული, კლების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2014 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 811 მუხლის შესაბამისად დასაბრუნებელი იქნება დაახლოებით 11 მლნ. ლარამდე, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი.
2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის თანახმად, არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლი განისაზღვრა 975 ათასი ლარის ოდენობით. ფინანსური აქტივების კლება კი შეადგენს 6 119,2 ათას ლარს.
აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (ტრანსფერს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რითაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მიენიჭა მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად ფინანსდება საკუთარი შემოსავლებით.
მასალის გამოყენების პირობები