28 აგვისტოს ღამით უკრაინის ქალაქების რუსული რაკეტები და დრონები დაესხნენ თავს.
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 15-მდე გაიზარდა, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.
თავდაპირველად 8 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ცნობა, მოგვიანებით - ათის.
ბოლო დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.
კიევის დარნიცკის რაიონში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის მთლიანი ნაწილი პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა.
ადგილზე მაშველები მუშაობენ და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, კიევზე ღამის თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა რამდენიმე სახის იარაღი: „შაჰედები“, ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და „კინდჟალი“. დარტყმები დაფიქსირდა 20-ზე მეტ ადგილას დარნიცკის, დნეპროვსკის, სოლომიანსკის, შევჩენკოვსკის, ჰოლოსიევსკის, ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში.
დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა კიევში. ასევე დაზიანდა ბრიტანეთის საბჭოს ოფისის შენობა, საცხოვრებელი შენობები, მათ შორის 25-სართულიანი შენობა, საოფისე შენობები და მრავალი მანქანა.
ადმინისტრაციის ცნობით, კიევში ერთდროულად დაახლოებით 500 მაშველი და 1000 პოლიციელი მუშაობს.
კიევის დაბომბვას გამოეხმაურნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კაია კალასი, რომლებმაც მკაცრად დაგმეს რუსეთის თავდასხმები.