ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ჩინეთის ლიდერს ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად დახვდა.
სი ძინპინი და მისი მეუღლე პენ ლიუანი 23 სექტემბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაეშვნენ, სადაც მათ ტრამპი და აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დახვდნენ.
ტრამპის მიერ ჩინეთის ლიდერის აეროპორტში პირადად დახვედრა იშვიათ დიპლომატიურ ჟესტად შეფასდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტები, როგორც წესი, უცხოელ ლიდერებს აეროპორტში არ ხვდებიან და შეხვედრას თეთრ სახლში მართავენ.
სი ძინპინმა აშშ-ში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები“. მისი თქმით, ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის წარმატებას შეუწყოს ხელი, რაც, მისივე განცხადებით, მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს.
ტრამპისა და სი ძინპინის მთავარი მოლაპარაკებები 24 სექტემბერს თეთრ სახლში გაიმართება. დღის წესრიგშია სავაჭრო ურთიერთობები, იშვიათმიწა მინერალები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა საკითხები.
ვიზიტი 25 სექტემბერს დასრულდება.