საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს თურქი ინსტრუქტორების მონაწილეობით თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო და სამთო-სამაშველო მომზადების სწავლება ჩაუტარდათ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ორგანიზებით, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) თურქი ინსტრუქტორების მონაწილეობით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სამძებრო-სამაშველო და სამთო-სამაშველო მომზადების შვიდდღიანი სწავლება ჩაუტარდათ.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს და მიზნად ისახავდა კლდოვან რელიეფზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ეფექტური დაგეგმვისა და შესრულების უნარების გაღრმავებას. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ სწავლების ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვადასხვა სახის სამთო-სამაშველო აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნინო ბარქაია, მოადგილე ზურაბ პავლიაშვილი და თურქული მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.