ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე 29 შენობას კომპლექსური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათ შორის კაპიტალურად განახლდა 18 სახლი, ხოლო კონსტრუქციულად მძიმე მდგომარეობის 11 ნაგებობა, ისტორიული მასალისა და უბნის იერსახის გათვალისწინებით, თავიდან აშენდა. შეიცვალა ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების მიწისქვეშა მაგისტრალური კომუნიკაციები და ეზოს განშტოებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე მეჩეთის უძველეს ნაგებობას.
სრულად განახლდა კალას უბნისთვის დამახასიათებელი ისტორიული ქუჩა-კიბეები, რომელიც ძველი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ფენომენს წარმოადგენს. მათ შორის, აღსანიშნავია, აბანოს შესახვევის ისტორიული ქუჩა-კიბე, რომელიც აღდგენამდე სავალალო მდგომარეობაში იყო. სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა ლეღვთახევიდან ამოსასვლელი რკინის კიბე და მოაჯირი, ტერიტორია მოიკირწყლა, მოპირკეთდა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დამონტაჟდა გარე-განათების სისტემა.
შედეგად, თბილისელებს, ქართველ და უცხოელ ტურისტებს, შესაძლებლობა ექნებათ, ძველი თბილისის ეგზოტიკური და უკვე რეაბილიტირებული უბანი უსაფრთხოდ დაათვალიერონ.
განხორციელებული სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები