სს „ჩემი ოჯახის კლინიკის" ქსელში არსებულ ლაბორატორიებს IFCC-ის ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭათ. ლაბორატორიების გარე ხარისხის შეფასების პროექტის მეორე ეტაპი დასრულებულია, რაც ჩატარებული კვლევების სიზუსტის და საიმედოობის შეფასებას გულისხმობს.
პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მეორე ეტაპზე მოხდა ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ჰემატოლოგიური და ჰემოსტაზის კვლევების ხარისხის შემოწმება/შეფასება.
გერმანიის ბიორეფერენს ინტიტუტიდან (RfB) მიღებული შედეგების საფუძველზე სს „ჩემი ოჯახის კლინიკის" ქსელში არსებულ ლაბორატორიებს ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭათ, რომელიც IFCC (International Federation of Clinical Chemistry and Laboratory Medicine)-ის მიერაა აღიარებული.
ლაბორატორიების გარე ხარისხის შეფასების პროექტი წელიწადში ორჯერ ტარდება. სს „ჩემი ოჯახის კლინიკის" ქსელში შემავალი ლაბორატორიები აღნიშნულ პროექტში ყოველ 6 თვეში ერთხელ ღებულობობენ მონაწილეობას. თითოეულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების სანდოობა 80%-დან 100% -მდეა.
პროექტში ჩართულია დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის, იმერეთის რეგიონალურ კლინიკური საავადმყოფოს, წმ. ნიკოლოზის სამედიცინო ცენტრის, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს, ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო "რესპუბლიკა"-ს, თელავის რეფერალური საავადმყოფოს და თბილისის ამბულატორიული კლინიკების ლაბორატორიები. პროექტში „ჩემი ოჯახის კლინიკა" მომავალშიც სისტემატიურად მიიღებს მონაწილეობას, რაც წარმოადგენს კლინიკის ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევების სანდოობის მყარ გარანტს.