. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შავი ზღვის ქვეყნებისა და სამხრეთ ევროპის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები მიიღო.
მინისტრმა სტუმრებს უწყების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრისას მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში დანაშაულთან ბრძოლა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების მაჩვენებელებს უტოლდება და მაგალითისთვის გერმანია დაასახელა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოში აღარ მეფობს კორუფცია და აღარ არის არც ერთი კანონიერი ქურდი.
"თუკი, გამოკითხვებით, "ვარდების რევოლუციამდელ" პერიოდში მე-10 კლასელ ბიჭთა 65 % -ს კანონიერი ქურდობა სურდა, ხოლო გოგონების 25 % -ს სურვილი ჰქონდა ცოლად სწორედ კანონიერ ქურდს გაჰყოლოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში 0, 01 %-ია", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა სტატისტიკური მონაცემები და დასძინა, რომ მაშინ, როცა რევოლუციამდე ქვეყანაში 5 ათასზე ცოტა მეტი მსჯავრდებული იყო, ახლა ეს მაჩვენებლი 21 ათასს შეადგენს.
"ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ, ჩვენ ვალდებული ვართ ვებრძოლოთ დანაშაულს. დამნაშავის ადგილი კი ციხეშია", - განაცხადა მინისტრმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა სტუმრებთან შეხვედრისას გაამახვილა ყურადღება მომავალ თაობას შეეხება და აღნიშნულ კონტექსტში აღნიშნა, რომ გამოკითხული ახალგაზრდათა 68 %-ს სწორედ შსს-ის სხვადახვა სტრუქტურებში სურს დასაქმება.
შეხვედრის ბოლოს ვანო მერაბიშვილმა შავი ზღვის ქვეყნებისა და სამხრეთ ევროპის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები თბილისში აღნიშნული სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენცია _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევაზე" დასასწრებად იმყოფებიან, რომელიც გუშინ, "შერატონ-მეტეხი პალასში" გაიმართა.
კონფერენციის მონაწილე საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი პოზიციები გააცნეს საქართველოს პარლამენის ვიცე-სპიკრმა გიგი წერეთელმა, ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.
უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წასდგნენ საგრანგეთის ელჩი საქრთველოში ერიკ ფურნიე, რუმინეთის ელჩი დან მიჰაი ბარლიბუ, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი პაულ დუბლედაუ, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ვიაჩესლავ უკრაინეცი.
ქართველმა ექსპერტებმა, მამუკა არეშიძემ, გოგი ხუციშვილმა, დავით ნარმანიამ ისაუბრეს იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ რეგიონი დგას.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გაზეთ ვერსიის მთ. რედაქტორმა მაია ფურცელაძემ, სომხეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრეგ ზორიანმა, იტარ-ტასის PR დირექტორმა იაკოვ ბოროვოიმ, უკრინფორმის გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ ჩამარამ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მასობრივი ინფრმაციის საშუალებებს და განსაკუთრებით საინფრმაციო სააგენტოებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
განხილულ იქნა არსებული პრობლემები და საფრთხეები და მათი გადაჭრის გზები.
კონფერენციის დასრულების შეგდეგ გაიმართა შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალური ასამბლეა, რომელზეც ასამბლეის თავმდჯომარეობა საქართველომ, კერძოდ კი "საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" გადმოიბარა, ხოლო ასამბელის პრეზიდენტად "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა აირჩიეს.