საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, თემაზე: "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ" ნახატების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზნები და პირობები მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე დავით საყვარელიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფართელაძემ, თბილისის #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირადად გააცნეს.
მათი განმარტებით, კონკურსი პირველ ეტაპზე თბილისის საჯარო სკოლებში გამოცხადდა. კონკურსი ორ თვეს გასტანს და მასში დედაქალაქის გარდა ეტაპობრივად ჩაერთვება საქართველოს ყველა რეგიონი. თბილისის სკოლებში ნახატების შიდასასკოლო შერჩევა 14 მარტამდე მოხდება. საუკეთესო ნახატებს სკოლის საორგანიზაციო საბჭოები გამოავლენენ, რომლის შემადენლობაში მოსწავლეებიც შევლენ.
რეგიონულ ეტაპზე შერჩეულ ნახატებს კი სპეციალური კომისია განიხილავს და საბოლოოდ გამარჯვებულებს მაისში გამოავლენს. პრიზიორები დაჯილდოვდებიან სიგელებით, I ადგილზე გასული ნახატის ავტორი მიიღებს პორტატულ კომპიუტერს.
სეფართელაძის განცხადებით, ნახატების კონკურსი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში იმართება, რადგან საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელი უსაფრთხო სკოლისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადეს.