რუსეთის ხელისუფლების წევრებთან გამართული შეხვედრების შემდეგ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პირველი კომენტარი დღეს დილით მოსკოვში გააკეთა.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ იგი მოსკოვში საკუთარი ქვეყნისა და და საკუთარი ხალხის ინტერესების დასაცავადაა ჩასული და არა ხმამაღალი განცხადებების საკეთებლად. ამას გარდა, მისივე თქმით, არ არსებობს თემა რომელზეც რუსეთსა და საქართველოს მოლაპარაკება და გამოსავლის მოძებნა არ შეეძლოთ.
"მე ვარ რუსეთში ჩამოსული იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესი. ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის ინტერესი კი ნიშნავს იმას, რომ საქართველლო უნდა გახდეს სტაბილური. არ არსებობს, ვიმეორებ, არ არსებობს თემა რომელზეც არ შეიძლება ლაპარაკი და გამოსავლის ძიება. ყოველ შემთხვევაში თუ ურთიერთობები იქნება დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე.
შეცდომა არის მხოლოდ ის, რომ როდესაც შენ იქცევი მხოლოდ ისე, რომ კარგავ ქვეყნის ტერიტოირიის 20 % და ეს შეცდომა კი არა დანაშაულია რაც გააკეთა ჩვენმა პრეზიდენტმა. შეცდომა არის ის, როდესაც ხმამაღალი განცხადებებით და ანტირუსული ისტერიით, რეალურად აკეთებ რუსულ საქმეს და კეტავ ყველა გზას იმისათვის, რომ რეალურად მოლაპარაკებების გზით მოაგვარო ის პრობლემები, რომლებიც შენს ქვეყანას აწუხებს. ჩემი ამოცანა არ იყო აქ ხმამაღალი განცხადებების კეთება და გულზე მჯიღის ცემა", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.