სწრაფი გადახდის ბიზნესი შველას ითხოვს და მთავარ კონკურენტს „საქართველოს ბანკს" დემპინგურ პოლიტიკაში ადანაშაულებს. ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ „საქართველოს ბანკს" თავისი ქმედებებით საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევია, თუმც სწრაფი გადახდის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ სასამართლოს, ან არბიტრაჟს მიმართონ და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცადონ.
„საერთო ხელშეკრულებაში, რომელიც დადებულია სწრაფი გადახდების კომპანიებსა და მობილურ ოპერატორებს შორის, დევს ისეთი მუხლები, რომელიც „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება. მაგალითად, ერთის მხარეს არ შეუძლია სხვა კომპანიასთან დადოს ხელშეკრულება განსხვავებული პირობით, ანუ ეს არის ასე ვთქვათ კოლექტიური შეთანხმება, რომ ბაზარზე ყველას ეჭიროს ერთიდაიგივე პოლიტიკა.
ამ შეთანხმებას თავის დროზე „საქართველოს ბანკმა" ხელი არ მოაწერა, მოახერხა და მობილურ ოპერატორებთან საკუთარი პირობები დააწესა. ფაქტობრივად „საქართველოს ბანკმა" ამ ბაზარზე კონკურენტული პირობები შექმნა. ასეთმა კონკურენციამ შესაძლოა მართლაც დაარტყას სწრაფი გადახდების კომპანიებს, მაგრამ „საქართველოს ბანკის" გადაწყვეტილება არის პრაგმატული. გასაგებია, რომ საკუთარი კომერციული პოლიტიკით „საქართველოს ბანკს" სურს ბაზრის სხვა მოთამაშეებს კონკურენციის განსხვავებული პირობები შესთავაზოს. ასეთ პირობებში კი შესაძლოა ბაზარზე რამდენიმე მოთამაშე შემორჩეს: თავად „საქართველოს ბანკის" „ექსპრეს ფეი" და „თიბისი ბანკის" "თიბისი ფეი". აღსანიშნავია, რომ სხვა კომპანიებს საკუთარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატები აქვთ მინიმალური რაოდენობით, ხოლო რეგიონებში აპარატები ძირითადად დამკვეთების საკუთრებაშია, რომლებიც მათთან ხელშეკრულებების საფუძველზე თანამშრომლობენ. პროცენტი, რომელიც რჩებოდა, იყოფოდა ამ სწრაფი გადახდის კომპანიებსა და მათ პარტნიორებს შორის. ხოლო მას შემდეგ რაც ტარიფი მობილურმა ოპერატორმა გაანულეს, აღმოჩნდა, რომ კომპანიებს ფული აღარ ყოფნით, რომ თავადაც დარჩეთ პროცენტი და მათაც გაუნაწილონ", - აცხადებს გიორგი გახარია.
ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, რომ კონკურენციის პირობებში, „საქართველოს ბანკი" მოვლენების განვითარებას დაელოდება და შემდგომ იმ ადგილებში სადაც ბანკს თავად უღირს საკუთარი პროდუქტების გაყიდვა საკუთარ „ექსპრეს ფეის" ჩადგავს, ხოლო სადაც არ უღირს, ისიც კონტრაქტორების მეშვეობით განახორციელებს ოპერირებას.
თუმცა გიორგი გახარიას თქმით, სამომავლოდ მობილური ოპერატორების ბალანსის შევსებისას 0%-იანი ტარიფი შესაძლოა პრობლემაც გახდეს.
„დემპინგის კანონი ჯერ არ არსებობს, თუმცა როდესაც იქნება, ნულოვანი ტარიფი სამომავლოდ შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს",- განმარტავს ომბუდსმენი.
შეგახსენებთ, რომ სწრაფი გადახდის ბაზრის მოთამაშეები ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას ითხოვენ. კომპანიებმა საქმის არსში გარკვევა და დახმარება პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებსა და ბიზნესომბუდსმენს სთხოვეს, სწრაფი გადახდების ბიზნესი ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" სერვისი „ექსპრეს ფეი" იმდენად კარგ პირობებშია ჩაყენებული, რომ ისინი მას კონკურენციას ვეღარ უწევენ.
როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები შეიცვალა, რომლის მიხედვითაც მობილური ოპერატორების („მაგთიკომი", „ჯეოსელი" და „ბილაინი") მომხმარებლები თავად იხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს. როგორც მაშინ მობილურმა ოპერატორებმა განმარტეს, საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია განსაზღვრავდა. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სწრაფი გადახდის კომპანიებმა 4 %-იანი საკომისიო დააწესეს, ხოლო „საქართველოს ბანკმა" 0%-იანი საკომისიო.