ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკი) დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ახალ სტრატეგიაში მასში გაწერილია EBRD-ის პრიორიტეტები 2013-2016 წლებში. როგორც EBRD-ში განმარტავენ, ხსენებული დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყნის კორპორატიული და განახლებადი ენერგიის სექტორების შემდგომ განვითარებას, რეგიონისა და გლობალურ ბაზრებში ქვეყნის ინტეგრაციას „ევრობანკის" ინვესტიციებისა და პოლიტიკის სფეროში განგრძობადი დიალოგის საშუალებით.
„ახალი სტრატეგიით აღიარებულია საქართველოს მისწრაფება დარჩეს რეგიონის ყველაზე რეგორმატორ ქვეყნად. ეს გულისხმობს ბიზნესისთვის იურიდიული და მარეგულირებელი სისტემების დახვეწას, საბაჟო რეჟიმის ლიბერალიზაციას, საგადასახადო სისტემის შემდგომ გამარტივებას"- აცხადებენ EBRD-ში.
2013-16 წლებზე გათვლილი სტრატეგია შემდეგ პრიორიტეტებს ისახავს მიზნად:
კერძო ინვესტიციების გაძლიერება. „ევრობანკი" გააგრძელებს კერძო სექტორში კლიენტებთან პირდაპირ და არაპირდაპირ ურთიერთობას ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების საშუალებით.
ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაციის დასრულება. „ევრობანკი „დაასრულებს ენერგეტიკის სექტორში წინა სტრატეგიის ფარგლებში დაწყებულ პროექტებს, რაც გამიზნულია ენერგიის წარმოების ზრდისკენ და საექსპორტო ბაზრებზე წვდომისკენ. მომავალი პროექტები გააძლიერებენ კერძო სექტორში მონაწილეობას. მას გაამყარებს დიალოგი დარგობრივ პოლიტიკაზე, ადგილობრივი ბაზრის რეფორმაზე და თანამედროვე მარეგულირებელი სისტემის დანერგვაზე.
საქართველოს რეგიონული და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. „ევრობანკი" ყურადღებას გაამახვილებს პროექტების განხორციელებაზე სხვადასხვა სფეროებში: ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, კავშირგაბმულობა და ფინანსური შუამავლობა. ეს დამატებით ფასეულობას შესძენს ქვეყანას და დაეხმარება მის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს. ევრობანკი მხარს დაუჭერს საქართველოს უნარების გაზიარების სფეროშიც, რაც ადგილობრივ კომპანიებს მისცემს სავაჭრო პერსპექტივებით სარგებლობის საშუალებას და მას უფრო კონკურენტულს გახდის რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში.
ევრობანკი საქართველოში 1993 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე 159 პროექტი აქვს განხორციელებული. მათი ნაერთი ღირებულება 1.8 მილიარდი ევროა. ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 66 პროცენტი ფინანსურ სექტორშია, 19 პროცენტი - ენერგეტიკის სექტორში, 11 პროცენტი - მრეწველობაში, ვაჭრობასა და სოფლის მეურნეობაში, ხოლო 4.5 პროცენტი - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაშია აკუმულირებული.