სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე მცირე ინციდენტი მოხდა.
არასამთავრობოს ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისთვის" დამფუძნებლები სენაკის მაჟორიტარს, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელ დეპუტატ გურამ მისაბიშვილს დაუპირისპირდნენ და მისი ღონისძიებაზე მისვლა გააპროტესტეს.
ლალი ანთიას და ინგა ქარდავას თქმით, გასულ წელს გურამ მისაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს წინასააარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლიდა და წინასაარჩევნო შეხვედრებზე ქვებით დატვირთულ მოწინააღმდეგეებს უგზავნიდა.
"კრიმინალი ხარ! შენ სააკაშვილის კრიმინალი იყავი! მისნაირი კრიმინალი იყავი! შენ ნაძირალავ! შენ არ იყავი ბიძინა ივანიშვილს ქვებით რომ დასდევდი?! პოლიტიკური მეძავი ხარ! შენ არ იყავი მესტიაში სენაკელი ახალგაზრდები რომ დაახვედრე ხელის შესაშლელად?! ქვით დატვირთული ხალხი, რომლებიც 15 აგვისტოს ბიძინას მოსდევდნენ, ის უსირხვილო ხალხი დღეს აქ იდგა! ,"- მიმართა ინგა ქარდავამ გურამ მისაბიშვილს.
ლალი ანთიას თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი მისაბიშვილს და მსგავს ფიგურებს გვერდით დაიყენებენ, კოალიცია "ქართული ოცნება" მომავალ არჩევნებს აუცილებლად წააგებს.
"მისაბიშვილი სპეციალურად უდგება მარგველაშვილს, ავტორიტეტი არ აქვს მთელს რეგიონში და ის რომ ჩაქოლოს, გაანადგუროს და პრეზიდენტი არ გახდეს, იმისთვისაა აქ დღეს მოსული. თუ მისაბიშვილი მარგველაშვილის მხარდამჭერი იქნება, არჩევნებზე სულ სხვა შედეგბი დაიდება,"- განაცხადა ლალი ანთიამ.
თავად გურამ მისაბიშვოლის განცხადებით, იგი ცენტრისტი დეპუტატია და იმ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის.
"ეს ადამიანი არის ერთი ადამიანი, რომელიც ავადმყოფია. ავადმყოფებზე კომენტარს ნამდვილად არ ვაკეთებ. მე რა თქმა უნდა გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი ვარ. როგორც დეპუტატი, საქართველოს პარლამენტში მე ვარ ცენტრისტი და ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ,"- განაცხადა გურამ მისაბიშვილმა.