დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა შვედეთის სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ელჩის რანგით, ფრედრიკ ლოიდკვისტს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრისას განხილულ იქნა უახლოეს მომავალში თბილისში შვედეთის სამეფოს საელჩოს გახსნის საკითხი. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების ახალი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომლის პრიორიტეტებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერასთან და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა.