4 მარტს "შერატონ მეტეხი პალასში" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალური ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა" (Security: the 21st century challenge) გაიმართება.
შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას საქართველო, კერძოდ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" გადმოიბარებს.
რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა" (Security: the 21st century challenge), რომელიც ასამბლეის ეგიდით იმართება, მასზე ყურადღება გამახვილდება, როგორც გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ასევე, რეგიონალურ პრობლემატიკაზე.
კონფერენციაზე, ერთ -ერთი მთავარი მომხსენებელი ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი იქნება, რომელიც გლობალური პოლიტიკური პროცესების ჭრილში ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.
აუდიტორიის წინაშე წარსდგენიან საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერიკ ფურნიე და რუმინეთის ელჩი დან მიჰაი ბარლიბა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
"კონფერენციის თემა _"უსაფრთოება _ 21 საუკუნის გამოწვევა" მოიცავს ყველა აქტუალურ პრობლემატიკას და იმ გამიოწვვებს, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას, როგორც გლობალური ასევე რეგიონალური მასშტაბით", - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა.
მისი თქმით, ჩვენ გვეძლევა შანსი სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს გავაცნოთ ჩვენი ხედვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით და ასევე მოვისმინოთ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოზიციები რიგ საკითხებთან მიმართებაში.
"ჩვენს დედაქალაქში არაერთი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოფილან, როგორც რეპორტაჟების მოსმზადებლად, ასევე მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად, მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორუმი, მედიის იმ სფეროს ხელმძღვანელების მონაწილებით, რომლებიც ყველაზე ოპერატიულად აშუქებენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე მოვლენებს მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა", _ აცხადებს მირცხულავა.
თბილისის ფორუმის მონაწილეები დაათვალიერებენ დედაქალაქის ღირშესანიშნაობებს და მცხეთას ეწვეიან.
"გასულ წლის ოქტომბერში ბულგარეთში გამართული ასამბლეის ფარგლებში რიგი ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ საქართველოში შს სამინისტროს, კერძოდ საპატრულო პოლიციაში განხორციელებული რეფორმებით. ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს თავად გაეცნოთ სტუმრებისთვის საკუთარი წარმატებების შესახებ. შესაბამისად, 5 მარტს დაგეგმილია ფორუმის მონაწილეთა ვიზიტი შს სამინიტროში", - აცხადებს გოჩა მირცხულავა.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში ფორუმის მონაწილეებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მიაწვდიან ინფორმაციებს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.