სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, კახეთში 120 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მთავრობა რთველის სუბსიდირებას არ გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, ღვინის ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს 1 ლარად, საფერავს კი 1,10 თეთრად შეისყიდიან.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, კახეთში ისევ გაიხსნება რთველის საკოორდინაციო შტაბი და გლეხებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარებამდე ისევ მოუწევთ სოფლის რწმუნებულთან ჩაწერა და იმის განსაზღვრა, ყურძენი როდის დაკრიფოს, სად ჩააბაროს, რამდენი აქვს მოსავალი და ა.შ.
რა ოდენობის მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად არიან მზად რეგიონში მოქმედი ღვინის ქარხნები, ისევ ჩაიბარებს თუ არა მოსავლის დიდ ნაწილს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო „გრუზვინპრომი", დაფინანსდება თუ არა ბიუჯეტიდან აღნიშნული კომპანია 2013 წლის შემოდგომაზე ყურძნის შესაძენად, რომელიმე საწარმო მიიღებს თუ არა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს, აპირებს თუ არა მთავრობა დედოფლისწყაროს რაიონის ალაზნისპირა სოფლებში მცხოვრები მევენახეებისთვის დახმარების გაწევას სოფლიდან ღვინის ქარხნამდე მოსავლის ტრანსპორტირებისათვის, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში კახეთის საინფორმაციო ცენტრს უარი უთხრეს. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნანიკო ჩინჩილაკაშვილის განმარტებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ამ კითხვებზე საპასუხოდ ჯერ მზად არ არის.
გასულ წელს კახეთში 90 ათას ტონამდე ყურძენი მოიწია. ღვინის ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძენს 75 თეთრად იბარებდნენ, რასაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის ფარგლებში კილოგრამზე 25 თეთრიც დაემატა. საერთო ჯამში, რქაწითელის ფასი 1 ლარი იყო. ღვინის ქარხნები საფერავს 60-65 თეთრად იბარებდნენ, რასაც სუბსიდიის სახით 35 თეთრი ემატებოდა.
2011 წელს, კახეთში ყურძნის მოსავალმა 113 506 ტონა შეადგინა. აქედან 82 179 ტონა რქაწითელი, 26 236,5 ტონა საფერავი, 5 090,5 ტონა კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო, მათ შორის ჰიბრიდული. რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 45-50 თეთრად, საფერავი კი 60-65 თეთრად ჩაიბარეს. აქედან რქაწითელზე სუბსიდია 15 თეთრი, საფერავზე კი 25 თეთრი იყო