საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას საქართველოსთვის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის განვითარებისთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გამოყოფის თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი ქერალიმ.
ეს სამწლიანი ღონისძიების მეორე ნაწილია, რომელიც ქვეყანაში კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად შეიქმნა. აღნიშნული ფინანსური რესურსი მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის სტრატეგიის ცენტრალური კომპონენტია.
მსოფლიო ბანკის აღნიშნული შეღავათიანი ფინანსური დახმარება მოხმარდება სტაბილურ და ზრდაზე ორიენტირებული მაკრო-ფისკალური გარემოს შექმნას, სახელმწიფო ფინანსების მართვის ეფექტურობის გაზრდას, სოციალური დაცვის პროგრამების ეფექტურობის ამაღლებას, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
„საქართველოს მთავრობა მოხარულია, რომ წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. ესაა ტრანშის მეორე ეტაპი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დიდი ნაწილი იქნება განსაკუთრებით შეღავათიანი პირობებით და იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტიპის დახმარებას მსოფლიო ბანკი გააგრძელებს, რათა საქართველოს ეკონომიკა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი და დაუახლოვდეს ევროპულ თუ ამერიკულ ეკონომიკურ სისტემებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება საქართველოს სამთავრობო პროგრამის განვითარების საკითხებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. აღნიშნული პროგრამა ქვეყნის გარეთ კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, სამუშაო ადგილების მატებაზე და სიღარიბის შემცირებაზეა ორიენტირებული. ამ პროგრამაში საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართულობა მისი განხორციელებისა და მდგრადობის გარანტიაა," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჰენრი ქერალიმ
კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გამოყოფილი შერეული კრედიტებით ფინანსდება, რომლებიც 25 წლის ვადით და 5 წლიანი შეღავათიანი პერიოდით გაიცემა.
აღნიშნული პროგრამის პირველი ნაწილის ფარგლებში (CG DPO I) მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის ივნისში და საქართველომ ამ პროგრამის ფარგლებში 60 მლნ აშშ დოლარი მიიღო (შეღავათიანი სესხი IDA-ს პირობებით).