ბოტსვანას დელეგაცია საქართველოს გამოცდილებას ეცნობა. საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმებისა და ინოვაციური სისტემების გაცნობის მიზნით, დღეს, 17 ივლისს, ეროვნულ ბანკს ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიიღო, სადაც ქადაგიძემ დელეგაციის წევრებს საქართველოში გატარებული რეფორმები გააცნო და განხორციელებული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი იყო საბანკო სექტორის განვითარებისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე კომერციულ ბანკებთან მიმართებაში.
„ჩვენ წარმოვადგენთ ბოტსვანას დელეგაციას. ბოტსვანას საქართველოსთან უკვე დამყარებული გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. გავეცანით საქართველოს გამოცდილებას, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორში გააჩნია. ჩვენთვის საქართველოს გამოცდილება მნიშვნელოვანია და სამომავლოდ თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოტსვანას ნაციონალური სტრატეგიის ოფისის ხელმძღვანელმა უტუმ კორეამ.
სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით კი მნიშვნელოვანია, როდესაც უცხო ქვეყნები საქართველოს გამოცდილებას ეცნობიან, რაც საერთო ჯამში საქართველოს იმიჯისათვისაც მნიშვნელოვანია.
„ბოტსვანას დელეგაციასთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. გავიარეთ ყველა ის მიმართულება და რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში გატარდა. ესეთი ტიპის ინფორმაციების გაცვლა არის ძალიან საინტერესო და სასარგებლო არამხოლოდ სხვა ქვეყნებისთვის, არამედ ჩვენთვისაც. მათაც სხვადასხვა დარგებში დიდი გამოცდილება გააჩნიათ. საბოლოო ჯამში იმისათვის, რომ იყო კონკურენტული და წარმატებული ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით აუცილებელია, რომ იყო ღია და გაიზიარო სხვა ქვეყნების წარმატებები და ასევე არ დაუშვა ის შეცდომები, რაც სხვა ქვეყნებმა დაუშვეს. ბოტსვანას დელეგაცია - ეს არ არის ერთადერთი დელეგაცია აფრიკული ქვეყნებიდან, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში ასეთი ტიპის დელეგაციები სულ უფრო და უფრო ხშირია ამ ბოლო პერიოდში.
ბოტსვანა 3-ჯერ მდიდარი ქვეყანაა ვიდრე საქართველოა. მათ არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი და ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ზუსტად გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი და იდეა, რომ განვავითაროთ ე.წ. „ჰაბეკონომიკა", რაც არის ზუსტად ის რომელიც ადასტურებს და გვიჩვენებს, რომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი"- განმარტა გიორგი ქადაგიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბოტსვანას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 დამყარდა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2001-2012 წლებში - ექსპორტმა 18,9 ათასი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 9,3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ბოტსვანა სამხრეთ აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც ბრილიანტის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და იგი ერთიანდება საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში. ბოტსვანა ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ნამიბია, სამხრეთიდან - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან - ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. სახელმწიფოს არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. ქვეყნის ტერიტორიის 70 პროცენტი კალაჰარის უდაბნოს უკავია.