საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, თითქოს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შეიარაღებულ ძალებს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, უპასუხისმგებლო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტი ბიძნა ივანიშვილს ურჩევს თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აკნინებს საქართველოს შეიარაღებულ ძალების მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს აზარალებს იმას, რაზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი.
„როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა არ შემიძია რეაგირება არ მოვახდინო იმაზე, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით თქვა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ შეიარაღებული ძალები აღვჭურვეთ და განვავითარეთ, ყველაფერი დამთავრდა ძალიან ცუდად და, პრაქტიკულად, რუსების თეზისი გაიმეორა. მეორე, რაც მან თქვა, იყო ის, რომ შეიარაღებულ ძალებს, თურმე, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს უსაფრთხოებისათვის. დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მას არ უმაგრებს მხარს შეიარაღებული ძალები, ის ყოველთვის წარუმატებელია. მინდა ბატონი ივანიშვილის გასაგებად ვთქვა: 2008 წელს რომ არა ჩვენი შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობა, მათ რომ არ მოეგერიებინათ პირველი შეტევები და არ ჩამოეგდოთ პირველი საფრენი აპარატები, არ გვექნებოდა დრო დიპლომატიისათვის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. ის, რაც მას არ ესმის, მე ძალიან კარგად ვიცი და მომავლისთვისაც ვურჩევდი - არა მხოლოდ როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ თავი შეიკავოს შეიარაღებული ძალებზე ასე აგდებული ლაპარაკისგან. ეს კარგად ეხმიანება და, პრაქტიკულად, მიყვება მტრის პროპაგანდას. ეს აზარალებს იმას, რაზეც დგას ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი. მე ძალიან ვამაყობ შეიარაღებული ძალებით. მიმაჩნია, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და ამას გააგრძელებს კიდეც საქართველოს მომავლისთვისაც", - განაცხადა სააკაშვილმა.