,,დღევანდელი ჩვენი პროკურატურა სუსტია", _განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ეს საქმე უახლოეს მომავალში დასრულდება.
"რაც შეეხება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით დაკავებებს, ამ საკითხით დაინტერესებულები არიან გარდა თქვენს მიერ დასახელებული არასამთავრობოებისა და ექსპერტებისა, ასევე საელჩოებიც. პირადად აშშ-ის საელჩო, შვეიცარიის ელჩი, რაზეც მე მადლობა მათ უკვე გადავუხადე ამ თემასთან დაკავშირებით. ამ თემაზე საუბარი გვქონდა ბათუმში უშიშროების კონფერენციაზე. მე მათ ვთხოვე, რომ ზედმეტად ნუ ჩაერევიან და ზედმეტად ნუ მოახდენენ პროკურატურაზე ზეწოლას, რამეთუ ეს ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი. თქვენ ჩემს პირველ განცხადებებს თუ ნახავთ, კირვალიძეს მე ლამის საუკეთესო მინისტრად ვასახელებდი, თუ გნებავთ არ მოვერიდები და იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც პირველი ინფორმაცია შემოვიდა, მე ეს თემა მინდოდა პროკურატურისთვის მეთხოვა და მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი. ჯერ პროკურატურისთვის, მერე პოლიციისთვის უნდა მეთხოვა, იმდენად ძვირფასი და იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის სოფლის მეურნეობაზე და მის მინისტრზე მსგავსი ქმედებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღე. პოლიტიკური პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. ამ კუთხით ასე ვითარდება სიტუაცია. საელჩოებმა სერიოზული ექსპერტები მოიწვიეს და ჩვენ მივეცით საშუალება მათ ექპერტიზის გაკეთების. ვფიქრობ, რომ არ ჩანს და არ არის იმის აუცილებლობა, რომ გარედან პროკურატურაზე ზეწოლა მოხდეს. წინასწარ დაკავებებთან დაკავშირებით ჰქონდათ დიდი ეჭვები და კითხვები. იქაც მტკიცებულებები პროკურატურამ მე მგონი, საკმარისი დაუდო. მე მგონი, რომ ეს პროცესები დასასრულს უახლოვდება. გასაგებია, რომ დღევანდელი ჩვენი პროკურატურა სუსტია და პროკურორებისა და გამომძიებლების ქმედებები ალბათ, ზედმეტ შეკითხვებს დაექვემდებარება, მაგრამ მე თვითონ არ ვუშვებ, არ ვცდილობ და არ მინდა, რომ მიეჩვიონ, რომ ისევ ზემოდან ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს ეს. სამართლებრივად პროცესები კანონიერების ფარგლებში ვითარდება. შფოთვა არის. საქართველო პატარა ქვეყანაა და ის ნათესავები, მეგობრები შფოთავენ. ცოტაც დაველოდოთ და მე როგორც მითხრეს, მალე ფარდა აეხდება იმას, რაც ხდებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.