პრემიერ-მინისტრმა, შესაძლოა, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აღარ დანიშნოს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი კარგად იცნობს ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტში შესატან ცვლილებებს.
,, უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქმის კურსში ვარ, დეტალებიც კარგად ვიცი, ხშირი შეხვედრებიც მქონდა მარგველაშვილთან. ვფიქრობ, ეს დროებით დანიშვნაა და არა მუდმივი, ეს იყო ნორმალური. ვფიქრობ, რომ ბევრს ეს კანონპროექტი ჩვენი გუნდიდან ბევრს არც წაუკითხავს და ისე მოისურვეს თავის გამოჩენა. მიუხედავად ამისა, ანგარიში მაქსიმალურად გავუწიეთ, მეორე ნახევრიდან ეს პუნქტი, მე მგონი, საერთოდ ამოდის და საერთოდ, რაც ხდება უმაღლეს განათლებაში, მინისტრს გაცნობიერებული აქვს და მარგველაშვილმა ძალიან ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით, რაც საზოგადოების მხრიდან შეუმჩნეველია, მაგრამ ჩემი მხრიდან, შესამჩნევი და დასაფასებელია. მან აბსოლუტურად თანმიმდევრული და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგა და ძალიან კარგ რეფორმას ატარებს. მეცნიერების მიმართულებითაც ბევრს აკეთებს ბატონ ვანო კიღურაძესთან ერთად. სხვათა შორის, ესეც არ არის მარტივი პროცესი. იქ ძალიან დიდი დროის განმავლობაში ბატონ ვანოს და გიორგი მარგველაშვილს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. მე რამდენჯერმე მოვახერხე მათთან ერთად ამ პროცესების განხილვა და კიდევ ვაპირებთ. საკმაოდ რთული პროცესია, ვფიქრობ, რომ კორექტული ნაბიჯები იქნა გადადგმული. კითხები გაჩნდა, ბევრმა არ წაიკითხა და არ გაიაზრა. ბევრს შეიძლება, მართლა არ მოეწონა. ნორმალური პროცესია, კარგია, რომ გუნდის შიგნითაც ხდება წინააღმდეგობის გაწევა. ესეც დემოკრატიის ნიშანია. გუნდურობა არ არის განმსაზღვრელი, მთავარია, რომ იდეას გავყვეთ. თუ კარგად გაეცნობით, იქ ჩარევა არ იგულისხმებოდა. დროებით დანიშვნა ხდებოდა, არჩევნებისთვის მომზადება და უნივერსიტეტი თავად აირჩევდა თავის ლიდერს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.