,,მინდა მთავრობა დავარწმუნო, რომ ყველა საერთაშორისო მოხსენებაში უკანონო დაკავებები აუცილებლად აისახება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც "ქორთიარდ მარიოტში" ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას ესწრება.
"პირადად მე გავამახვილებ ყურადღებას იმ უკანონობების კასკადზე, რომელიც ბოლო აკორდი იყო. მხედველობაში მაქვს ის, რომ მერიის ოთხი თანამშრომლის საქმე წაიღეს რუსთავის სასამართლოში და რუსთავის სასამართლომ ისინი ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი დააპატიმრა. ეს უკვე მათი მესამე დაპატიმრებაა. ეს ბუნებრივია, სამართლებრივი ნონსენსია. ეს კარგად მიუთითებს, რომ პროკურატურა სამართლებრივ მაქინაციაზე მიდის, რათა წინასწარი პატიმრობით მოახდინოს ადამიანებზე ზეგავლენა და სასურველი ჩვენება მიიღონ. გადაწყვეტილება, რომ რუსთავის სასამართლომ განიხილოს ეს საქმე უპრეცენდენტოა და სამართლებრივადაც ბევრ პრობლემას წარმოქმნის. თითოეულ ადამიანს შეიძლება სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდოს იმიტომ, რომ პროკურატურის მაქინაციებით შეიძლება მესტიის ან დედოფლისწყაროს სასამართლოში ამოყოს ნებისმიერმა ადამიანმა თავი", _ განაცხადა უგულავამ.