ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, არაფერია უცნაური იმაში, რომ სადაზვერვო სამსახური სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. ასეთი განცხადება ობამამ ევროპაში აშშ სპეცსამსახურების მიერ ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა ოფისის მოსმენების გარშემო აგორებული სკანდალის კომენტირებისას გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებას ბი-ბი-სი ავრცელებს.
„უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებული ასეთ საქმიანობაში არაფერია. ყველა დაზვერვა იქნება ეს ჩვენი, ევროპული, აზიური თუ სხვა ცდილობს, უკეთ იყოს ინფორმირებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამ სამსახურებს, დარწმუნებული ვარ, აინტერესებს არა მარტო ის, მათი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას რა თემებზე ვაპირებ საუბარს, არამედ ისიც კი თუ რას მივირთმევ საუზმისას", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი ევროპაში მას შემდეგ აგორდა, რაც ევროპულმა პრესამ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახურის გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის მიერ მიწოდებული სოკუმენტების გამოქვეყნება. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა სათვალთვალო მოწყობილობები დაამონტაჟა ვაშინგტონსა და გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობების ოფისებში. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ამერიკის სპეცსამსახურები ასევე აწარმოებდნენ 38 საელჩოსა და ევროპელი პოლიტიკოსების ელექტრონული მიმოწერის თვალთვალს.
თავად ედუარდ სნოუდენი კი, რომელსაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების გამო სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა, პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით რუსეთს მიმართავს. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.
მასალის გამოყენების პირობები