მეკურდღლეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა - ეს იმ მცირე მეურნეობების ჩამონათვალია, რომელიც კარალეთში მცხოვრებმა დევნილებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს დახმარებით წამოიწყეს. დევნილთა სამინისტრო დონორებთან ერთად აქტიურად მუშაობს დევნილი მოსახლეობისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების განხორცელებაზე.
მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი დღეს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-სთან ერთად კარალეთისა და წეროვანის დევნილთა ჩასახლებებში იმყოფებოდა და დევნილთა ის ბიზნესპროექტები დაათვალიერა, რომლის დახმარებით დევნილებს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდათ, საკუთარ თავს თავად ინახავენ და ბიზნესპროექტების გაფართოებაზეც მუშაობენ.
სამინისტროსა და FAO-ს ერთობლივი მიზანია დევნილებს შესთავაზოს თანადაფინანსება ფერმერულ საქმიანობასა და ბიზნესზე ორიენტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ინვესტიციების გაზრდისათვის. პროექტის პირველ ი კომპონენტია: დევნილთა სასოფლო-სამეურნეო აქტივობების თანადაფინანსება (მაქსიმუმ 50% 1000 აშშ დოლარამდე თითო ოჯახზე); სასოფლო-სამეურნეო დარგის მცირე ბიზნესის თანადაფინანსება (მაქსიმუმ 50% 2500 აშშ დოლარამდე თითო ოჯახზე) და დასაქმების მიზნით კომერციული დაწესებულებების თანადაფინანსება (30-50% 5000 დოლარამდე კომპანიაზე).
დღემდე პროექტმა 27 სხვადასხვა ჩასახლების წარმომადგენელთა 532 განაცხადი მიიღო, საიდანაც 344 პრიექტი დაფინანსდა. ყველაზე ხშირად დევნილები დახმარებას მექანიზაციის, ცხოველების მოშენების, ვენახის მოწყობისა და სასოფლო ინფრასტრუქტურისათვის იყენებენ.
ევროკავშრის დაფინანსებითა და დევნილთა სამინისტროს პარტნიორობით პროექტს ახორციელებს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO.
როგორც დევნილები აცხადებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის ის არის, რომ საკუთარი შემოსავალი გაუჩნდათ და სხვის დახმარებას არ ელოდებიან. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პირველადი ხელშეწყოდა. ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ და საკუთარ თავს შემდეგ თავად მივხედავთ. ორგანიზაციისა და დევნილთა სამინისტროს ხელშეწყობით გაგვიშენეს ხეივნები, გვიყიდეს მინიტრაქტორები, გვიყიდეს კურდღლები, ქათმები, დაგვირიგეს სხვადასხვა სახეობის თესლი. ახლა მოსავლის შესანახ სათავსოებსაც გვიშენებენ. გავიმართეთ, შემოსავალი გვაქვს და უკვე გაფართოებაზე ვფიქრობთ. მსგავსი პროექტები აუცილებელია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის" - აღნიშნა კარალეთში მცხოვრებმა დევნილმა ნოდარ კასრაძემ.
მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილის თქმით კი დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დევნილთა დასახლებასთან ერთად მათ დასაქმებაზე ზრუნვაა: „ეს არის ძალიან სწორი მიდგომა. კარალეთში ჩასახლებული დევნილების დიდი ნაწილი უზრუნველყოფილი ცხოვრების წესით ცხოვრობს. დასაქმებულებიც არიან, აქვთ ფერმები და მეურნეობის გაფართოებაზე მუშაობენ. დევნილთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არამარტო დასახლება, არამედ დასაქმებაა."
მასალის გამოყენების პირობები