ვაშინგტონმა თბილისისთვის დახმარების გაზრდის გადაწვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გასვლისას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
კომიტეტის სხდომაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ბარაკ ობამას ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტად რჩება.
"საქართველო აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის მაღალ პრიორიტეტულ საკითხად რჩება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ, 2011 წლის ფისკალურ ბიუჯეტში საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების ზრდაა გათვალისწინებული.
"2011 წლის ფისკალურ ბიუჯეტში, საქართველოს დასახმარებლად, 90 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს განსაზღვრული", - განაცხადა კლინტონმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოთქვა საქართველოს მთავრობის ინიციატივის გამო, ავღანეთის ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის თაობაზე და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის შენარჩუნებისა და რეგიონში ნდობის ასამაღლებლად.
"რამდენიმე ოფიციალური პირი უკვე იმყოფებოდა საქართველოში. მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტაინბერგი, ასევე აშშ-ს საგანგებო წარმომადგენელი ჰოლბრუკი.
ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ ქართველებს შეინარჩუნონ დემოკრატია და გაზარდონ საზოგადოების ნდობა საკუთარ ქვეყანასა და მთელს რეგიონში", - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გასვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა.