საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ყოველწლიურს შეხვედრას მასპინძლობს, რომელსაც სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, 15 ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ესწრებიან.
შეხვედრა დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კრიზისის დროს სსფ და მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დაუდგნენ და მას კრიზისის დაძლევაში დაეხმარნენ.
„ჩვენ კარგად გვესმის იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელსაც ეწევიან ჩვენი პარტნიორები და მეგობრები საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საქმეში. ჩვენს ჯგუფში შემავალი თითოეული ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია. ეს კი მომავალშიც წარმატებული თანამშრომლობის იმედს გვაძლევს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თანამშრომლობის ეს ფორმატი, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ჩვენი ერთობლივი პოზიციის წარმოდგენა. როგორც იცით საქართველო ამჟამად განვითარების გადამწყვეტ პერიოდს გადის. გასულ წელს, საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და რაც გარდამტეხი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. მთავრობა დიდი გამოწვევების წინაშე დგას და გვაქვს ისტორიული შანსი თვისობრივად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, თუმცა ჩვენი უმთავრესი მიზანია გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობაში აუთვისებელი პოტენციალის გამოყენებას, ვინაიდან ამ სექტორში ჩვენი მოსახლეობის 50 %-ზე მეტია დასაქმებული. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს კონკურენციის წახალისებასა და ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას. ჩვენი ბიუჯეტი გასული წლებისგან განსხვავებით სოციალურად ორიენტირებულია. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და თანმიმდევრულ, ფისკალურ კონსოლიდაციას. ჩვენი მიზანია სტაბილური მაკრო-ეკონომიკური გარემოს შენარჩუნება, რაც გამყარებული იქნება გონივრული ფისკალური, მონეტარული პოლიტიკით. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
როგორც შეხვედრის ორგანიზატორები განმარტავენ, აღნიშნული რანგის შეხვედრა შესაძლებლობას აძლევს ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს განიხილონ სხვადასხვა საფინანსო თემები კერძოდ, განვითარების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები. ასევე შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მაგალითებზე ერთმანეთს გაუზიარონ საინტერესო და მნიშვნელოვანი.
„გარდა იმისა, რომ ეს არის უმაღლესი რანგის შეხვედრა, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავმართოთ ორმხრივი შეხვედრები იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გაიარეს ეკონომიკური განვითარების ის სტადია, რომელ სტადიაშიც დღეს საქართველო იმყოფება. ჩვენთვის მათი გამოცდილებისა და წარმატებების გაზიარება, ასევე წარუმატებლობის გაანალიზება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩვენი განვითარება წარვმართოთ სწორად"- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სებ-ი თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ მძიმე მდგომარეობას თავი დააღწიოს.
„კარგი თანამშრომლობა გვაქვს სებ-თან და ერთობლივად აწონილი, ოპტიმალური და ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანა თავს დააღწევს მძიმე მდგომარეობას. მიმდინარეობს სოციალური პროგრამების მოგვარება. სოციალური პროგრამების მოგვარებისთვის ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა გამოიყოფა, ვიდრე წინა წლებში იყო. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებისთვისაც. ამ მიმართულებით კი მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელიც საქართველოს ეხმარება.
მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს სოფლის მეურნეობაში და მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება საინვესტიციო ფონდების დაფუძნება, რაც თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პრაქტიკულად უკვე დაფუძნებულია"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურის განმარტებით, ინვესტორებს ექნებათ ყველა პირობა,რომ საქართველოში აწარმოონ პროდუქცია. ხადურმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველო მუშაობს იმისათვის, რომ გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირსა და აშშ-სთან, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის.
„შეხვედრაზე განიხილება საქართველოს თემატიკაც, თუმც შეხვედრა მოიცავს ძალიან ბევრ თემას, მათ შორისაა საბანკო კავშირები, მსოფლიო ბანკის ახალი პროგრამა სიღარიბის დაძლევის კუთხით. აქედან გამომდინარე ტარდება ორმხრივი შეხვედრებიც"- განმარტა სსფ-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მენო შნელმა.
ყოველწლიურ შეხვედრას ხელმძღვანელობდა ბელგიის ფინანსთა მინისტრი კუნ ჰეინსი (Koen Geens). შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მენო შნელმა (Menno Snel) და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანკ ჰიმსკერკმა (Frank Heemskerk) გახსნეს. სამი სამუშაო სესიის მიმდინარეობისას, დელეგაციების წევრები განიხილავდენ განვითარების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებს. შეხვედრა ასევე შესაძლებლობას აძლევს მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
განასაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული შეხვედრის მასპინძელი წელს საქართველოა, რაც ჯგუფის წევრი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებლებს შესაძლებლობას მისცემს ადგილზე გაეცნონ საქართველოს ეკონომიკას, მის ბიზნეს გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და გამოწვევებს. აღნიშული შეხვედრა მომავალში დახმარებას გაუწევს ადგილობრივ კომპანიებს ჯგუფის წევრ ქვეყნებთან ბიზნეს-ურთიერთობების აწყობასა და ინვესტიციების მოზიდვაში.
სესიების პარალელურად, გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების დელეგაციებს შორის. შეხვედრის ოფიციალური გახსნის შემდეგ კი ქართული და უცხოური მედიისთვის გაკეთდა განცხადებები.
2013 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიურ შეხვედრას (Constituency Meeting) მასპინძლობენ. მასში მონაწილეობენ ჯგუფების წევრი 15 ქვეყნის (ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნოდერლანდები) ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები.