ახალი მთავრობის წინაშე დგას ადგილობრივი კერძო დაფინანსების წყაროების მობილიზების აუცილებლობა, ვინაიდან საგარეო რესურსები შეზღუდულია, ამის შესახებ ანგარიშშია - "საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა - 2012 წლის მიმოხილვა და 2013 წლის მთავარი გამოწვევების ანალიზი და რეკომენდაციები" - ნათქვამი.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2012 წლის მეორე კვარტლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა და წლის ბოლოს, 2011 წლის მონაცემთან შედარებით, 23 %-ით ნაკლები შეადგინა. "გლობალურ ბაზრებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებასთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე უარყოფითად იმოქმედა, საქართველოს პოლიტიკური მომავლის გაურკვევლობამ, რაც 2012 წლის არჩევნებით იყო განპირობებული"- ნათქვამია ანგარიშში. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ასევე ორმაგი დეფიციტი, რაც გამოიხატება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში და ფისკალურ დეფიციტში.
"გასული წლის გამოწვევათაგან და მნიშვნელოვან პრობლემათაგან სახეზეა უცხოური ინვესტიციების შემცირება. რაც თავის მხრივ გლობალურ ბაზარზე რეცესიითაც იყო გამოწვეული, თუმც მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო იმითაც, რომ პოლიტიკური ფაქტორი არჩევნებთან დაკავშირებით იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ ინვესტიციები შემცირდა. ამასთან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ორმაგი დეფიციტი, რაც გამოიხატება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში და ფისკალურ დეფიციტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი უარყოფითი სავაჭრო სალდოც გახლავთ"- აცხადებს ევგენიძე.
მისი განმარტებითვე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც მთავრობამ აგრესიული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.
"ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც უმნიშვნელოვანესი იქნება. რომ მთავრობამ აწარმოოს აგრესიული პოლიტიკა იმისთვის, რომ შეძლოს ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, ვნახეთ რომ მათი მხრიდანაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რაც თავის მხრივ ამძაფრებს ჩვენს ირგვლივ სიტუაციას. საკმაოდ კონკურენტულ გარემოში მოგვიწევს ინვესტიციების მოზიდვა. მთავრობამ გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და სასურველი ბიზნესგარემოს შექმნით უნდა შეძლოს ამ ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა"- აცხადებს ნინო ევგენიძე.
მისივე განმარტებით, ვინაიდან 2013 წლის ოქტომბერში მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნები, მანამდე სიტუაციის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობა გულხელდაკრეფილი უნდა იჯდეს.
"პირიქით მთავრობამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება მოხდეს.
ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ფინანსთა მინისტრისგან, რომ წელს ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა 2 მლრდ დოლარამდე იქნება, სასიამოვნო იქნება თუ ამგვარი რამ მართლაც მოხდება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს პროგნოზი ცოტა გადაჭარბებულია. კარგი იქნება თუ მთავრობის მხრიდან თავისი ხედვების დაახლოება მოხდება ქვეყნის რეალობასთან და ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები"- აცხადებს ევგენიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ღია საზოგადოება საქართველოსა" და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის - "საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა - 2012 წლის მიმოხილვა და 2013 წლის მთავარი გამოწვევების ანალიზი და რეკომენდაციები" - პრეზენტაცია გაიმართა.