Agara Sugar Company შიდა ბაზარზე თამაშის ერთიანი წესების შემოღებას და შაქრის იმპორტიორ კომპანიებთან თანაბარ ბიზნესგარემოში ოპერირებას ითხოვს. Agara Sugar Company-ის გენერალური დირექტორი ალხენ ალიზადე, იმავდროულად უარყოფს უკრაინული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "აგარის შაქრის კომპანია" (Agara Sugar Company) უკრაინიდან საქართველოში შაქრის შემოტანის შეზღუდვას ლობირებს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ალხენ ალიზადემ განაცხადა, უკრაინულ კომპანიებს საქართველოში შაქარი დემპინგური ფასით შემოაქვთ და მათთან კონკურენცია საკმაოდ რთულია.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ვაპირებთ ქართული ბაზრიდან უკრაინული კომპანიების გაძევებას სიმართლეს არ შესაბამება. Agara Sugar Company მოვითხოვთ, თანაბარ ბიზნესგარემოში ოპერირებას. უკრაინულ კომპანიებს საქართველოში შაქარი დემპინგური ფასით შემოაქვთ და რა თქმა უნდა ამ პირობებში მათთან კონკურენცია საკმაოდ რთულია. ამჟამად ჩვენ შაქრის რეალიზაციას თვითღირებულებზე ნაკლებ ფასში ვახდენთ და ეს არის ძალიან ცუდი კომპანიისათვის. არ ვიცი Agara Sugar Company როდემდე შეინარჩუნებს ამ რეჟიმს, რადგანაც ბიზნესი მუდმივ რეჟიმში წაგებაზე ვერ იმუშავებს. Agara Sugar Company-ში 600 ადამიანია დასაქმებული და ჩვენს ინტერესებში არ შედის არც კომპანიის დახურვა და არც ამ ადამიანების უმუშევრად დატოვება"- აცხადებს Agara Sugar Company-ის ხელმძღვანელი.
მისივე განმარტებით, Agara Sugar Company-ის პროდუქცია 1 ტონა 750 დოლარის ექვივალენტი ლარებში ღირს და ბოლო 25 დღის განმავლობაში ფასის ზრდა მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა განაპირობა.
"ჩვენ შაქრით არამხოლოდ საქართველოს სრული უზრუნველყოფა შეგვიძლია, რისთვისაც 135 ათასი ტონა შაქარია საჭირო, არამედ მისი ექსპორტზე გატანაც. ქარხნის სრული სიმძლავრე 180 ათასი ტონაა, მაგრამ როგორც ცნობილია, სომხეთს და აზერბაიჯანს საკუთარი წარმოება აქვთ. იგივე ვითარებაა უკრაინაშიც, ხოლო რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ამ მხრივ დაკეტილია. მით უფრო, რომ საბაჟო კავშირის პირობებში თამაშის წესები შეიცვალა"- აცხადებს ალიზადე.
Agara Sugar Company-ის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მოთამაშეების ერთ საკანონმდებლო სივრცეში მოქცევის შემთხვევაში, შაქრის ფასი შესაძლოა მინიმალურად გაიზარდოს.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ბაზრიდან არავის განდევნას არ ვითხოვთ. ჩვენ მივმართეთ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს და მათ გავაცანით არსებული პრობლემა. ჩემთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას მიღებს ხელისუფლება"- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას Agara Sugar Company -ის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Agara Sugar Company უკრაინიდან საქართველოში შაქრის შემოტანის შეზღუდვას ლობირებს.
"კომპანია თავაზობს საკუთარი ქვეყნის მთავრობას უკრაინული პროდუქტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გაიყვანოს", - წერდა უკრაინული მედია.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში უკრაინული შაქრის ექსპორტის ზრდა შაქრის მწარმოებლების მიერ გასაღების ძირითადი ბაზრის - ყაზახეთის დაკარგვამ გამოიწვია. 2012 წლის შემოდგომიდან, როდესაც ყაზახეთმა დსთ-ში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიციერება მოახდინა და უკრაინული შაქარი ამოღებული იქნა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს მიკუთვნებული პროდუქციის სიიდან, ამ ქვეყანაში უკრაინული შაქრის ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა.