ქართული კვერცხის წარმოება კრიზისშია. "ბიზნესაკურიერის" ინფორმაციით, კვერცხის წარმოება ერთადერთი მიმართულება იყო, რომელმაც იმპორტი სრულად ჩაანაცვლა. ფაბრიკებში განმარტავენ, რომ მძიმე გადასახადების ფონზე, სუბსიდირებულ, იაფ იმპორტს მეზობელი ქვეყნებიდან კონკურენციას ვეღარ უწევენ. "ბიზნესკურიერის" ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედმა 23-ივე საწარმომ წარმოება შეკვეცა, ნაწილმა კი საერთოდ დახურვა გადაწყვიტა და ფაბრიკა გასაყიდად გამოიტანა.
კვერცხის მწარმოებლკები განმარტავენ, რომ წელს მეზობელი ქვეყნებიდან აგრესიული პოლიტიკა წარმოებს და საქართველოში კვერცხი შემოდის თურქეთიდან, მოლდოვადან უკრაინიდან და ახლა საუბარია იმაზეც, რომ მალე ქართულ ბაზარზე ირანული წარმოების კვერცხიც შემოვა. კომპანიაში განმარტავენ, რომ დღგ-ს განაკვეთი, რომელიც საქართველოში 18 %-ს შეადგენს, ასეთი მაღალი არც ერთ ქვეყანაში არ არის. ასევეა მოგების გადასახადზეც. მეწარმეები განმარტავენ, რომ იმპორტს კონკურენციას ფასით ვერანაირად ვერ გაუწევენ.
დეკემბრამდე არსებული ნორმებით, კვერცხის შემოტანამდე მწარმოებელს სპეციალური შემოწმება უნდა გაევლო, რაც დამატებით თანხას და დროს საჭიროებდა. შესაბამისად უცხოეთიდან კვერცხის შემოტანა არამომგებიანი იყო. ამჟამად კი ეს ბარიერი მოხსნილია. საქართველოდან ექსპორტი კი ფაქტობრივად შეუძლებელია.
მეწარმეები განმარტავენ, რომ დახმარებისთვის მათ მთავრობის ყველა შტოს მიმართეს, თუმც შედეგი ამას არ მოყოლია. ისინი ამბობენ არის ფაქტები, როდესაც ქვეყანაში ვადაგასული კვერცხი შემოდის.
საწარმოებმა თანამშრომელთა შემცირება უკვე დაიწყეს და შესაბამისად წარმოების შემცირების ფონზე შეკვეთები შეუმცირდათ შესაფუთი მასალების მწარმოებლებსაც. "ბიზნესკურიერის" ინფორმაციით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, აგვისტოდან ბაზარზე ქართული წარმოების კვერცხი შესაძლოა საერთოდ აღარ იყოს.