მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანური-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა ბლოკირებულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს "საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან" აცნობეს, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მხოლოდ ცალმხრივად - გუდაური-კობის ან კობი-გუდაურის მიმართულებითაა შესაძლებელი.
"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის" ინფორმაციით, ავტომანქანების მიმოსვლისას აიკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.