მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი დასაქმება იქნება.
მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა 2009 წლის მუშაობის შედეგები დღეს კიდევ ერთხელ შეაჯამა და მიმდინარე წლის პრიორიტეტები დაასახელა. გასული წლის სამუშაოების ანგარიში ტყეშელაშვილმა ამჯერად დონორ ორგანიზაციებს ჩააბარა.
როგორც სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, 2009 წლის რეფორმებიდან ყველაზე მასშტაბური "სოფლის პროგრამა" იყო, რომლის განხორციელებაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
მინისტრმა ასევე გამოყო გზების რეაბილიტაციის პროექტი, რაშიც დონორების მიერ 416 მილიონი დოლარი ჩაიდო.
"2010 წლის მთავარი პრიორიტეტი იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ (გზების, წყლის სექტორის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება) უმუშავარი მოქალაქეების დასაქმება იქნება", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.