რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, რუსები და აფხაზები "არსით ერთი ერია".
"მოხარულები ვართ, რომ 200 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, თანამედროვეობის ეპოქაში, რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზეა. მართალია, ჩვენ ვცხოვრობთ სხვადასხვა სახელმწიფოში, მაგრამ არსით ერთი ერი ვართ. ეს იმითაც დასტურდება, რომ აფხაზეთის მოქალაქეები იმავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც არიან", - განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა დუმის მიერ "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 200 წლის იუბილესთან" დაკავშირებით განცხადების მიღების საკითხზე კომენტირებისას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
ზატულინის განმარტებით, რომელიც აღნიშნული ტექსტის ავტორია, "რუსეთი ყოველთვის მხარში დაუდგება ამ ახალგაზრდა რესპუბლიკას (აფხაზეთს), რაც განცხადებაშიც დაფიქსირებულია".
ამასთან, დუმის დეპუტატი "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 200 წლის იუბილესთან" დაკავშირებით მომზადებულ განცხადებას "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტად" აფასებს და აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთი შესაბამის დღესაც "საზეიმოდ" აღნიშნავს.
"200 წელი შესრულდა, როცა აფხაზეთი რუსეთის მმართველობის ქვეშ მივიღეთ. ამ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტსაც მივიღებთ და კონკრეტულ დღესაც აღვნიშნავთ", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 თებერვალს, სახელმწიფო დუმა "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 200 წლის იუბილესთან" დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. განცხადება რუსეთის სათათბიროში "ედინაი რასიას" ინიციატივით შევიდა. ტექსტის ავტორი სწორედ ზატულინია.