"უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო", - განცხადება ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ "საქართველოსა და უკრაინის ახალ ხელისუფლებას შორის წარიმართება ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წაადგება".
"მნიშვნელოვანია, უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან საქართველოს ჰქონდეს კარგი, თბილი და ახლო ურთიერთობები. სწორედ ეს არის ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში ჩემი შეყოვნების მიზეზიც. იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან აუცილებლად იქნება მიღწეული ის ურთიერთობები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წაადგება", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისივე თქმით, არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ახალ ხელისუფლებაში ჩამოყალიბდება ახალი გუნდი და გადანაწილდება თანამდებობები, კიევს, შემდგომ ურთიერთობებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან.