ფინანსთა ვიზიტი აშშ-ში ვიზიტისას უდიდესი საფინანსო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში როგორც პირდაპირი, ისე პორტფელური ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ნოდარ ხადურმა დღეს აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა, როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განმარტა, ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ბოსტონში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა. აღნიშნულ შეხვედრებს ნოდარ ხადურთან ერთად მისი მოადგილე დავით ლეჟავაც ესწრებოდა. ქართულმა დელეგაციამ აშშ-ში შეხვედრები გამართა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის პირველ დღეს ვაშინგტონში, ფინანსთა მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ნოდარ ხადური შეხვდა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს (Min Zhu), სსფ-ში ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ დირექტორს მეგ ლუნსაგერს (Meg Lundsager), სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს მენო შნელს, (Menno Snel) რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს წარმომადგენელია, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ ახმედს (Masood Ahmed) ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და მისიის წევრებს. აღნიშნულ შეხვედრებზე ძირითადად, საუბარი შეეხო საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გააჩნია სსფ-თან. მათი მხრიდან გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ.
ვიზიტის მეორე დღეს ქართულმა მხარემშეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ფინანსთა მინისტრი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ხოსე ფერნანდესს (Jose W Fernandez). შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას და სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ რეფორმებს. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უპირობო მხარდაჭერა ექნებაქვეყნისთვის სტრატეგიულ და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესს.თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს და ახალი ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო აღნიშნული დონორების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა მსოფლიო ბანკში, სადაც ფინანსთა მინისტრი შეხვდა მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შრი მულიანს (Sri Mulyani) ასევე, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეერთებული შტატებიდან იან სოლომონს (Ian H Solomon), მმართველ დირექტორებს ევროპის ქვეყნებიდან, საოპერაციო პოლიტიკისა და ქვეყნებთან მუშაობის საკითხებში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს იოაკიმ ვონ ამსბერგს. (Joachim von Amsberg)აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის მხარდაჭერის პროგრამის პირობების დადგენის საკითხებზე.
აღსანიშნავია, ნიუ-იორკსა და ბოსტონში გამართული შეხვედრები, სადაც ნოდარ ხადური შეხვდა იმ უდიდესი საფინანსო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში როგორც პირდაპირი, ისე პორტფელური ინვესტიციების განხორციელებით. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა 10 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Fidelity Management&Research; Morgan Stanley Investment Management; J.P. Morgan Investment Managment; Goldmen Sacks Asset Management და სხვა.
ინვესტორებთან აღნიშნულ შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის მომავალი გეგმების შესახებ. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა ინვესტორების მიერ დასმულ შეკითხვებს. ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, მათ გამოხატეს დიდი დაინტერესება ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფორმების, იმ ნაბიჯების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ყველა დონის შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან და ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაგრძელების მზაობას. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.