ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რაც აბსოლუტურად, არარეალურია , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, კითხვა-პასუხის ფორმატში საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთი დაელოდება კარგ იდეებს პარტნიორებისაგან და არანაირი ინიციატივით აღარ გამოვა.
"ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რაც აბსოლუტურად, არარეალურია. მოგწონთ თუ არა, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა გაამყარა. მეორე მდგომარეობა ის არის, რომ ამერიკელები ითხოვენ, რომ ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა ფლანგის ლიმიტები, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მაშინ მახსოვს, პრეზიდენტმა პუტინმა ჰკითხა პრეზიდენტ ბუშს - შეიძლებოდა თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის იმის მითითება, სად და რა რაოდენობის ჯარი უნდა განგეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე. ბუშმა გაიკვირვა და თქვა, რომ ამის შესახებ არ უფიქრია. უნდა არსებობდეს გზები, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა არის მშვიდად, მაგრამ ყოველგვარი ფლანგის ლიმიტების გარეშე. თუ ეს ორი მდგომარეობა ამოღებული იქნება, შევძლებდით მოლაპარაკებების დაწყებას. მაგრამ ჩვენ დაველოდებით კარგ იდეებს ჩვენი პარტნიორებისგან და არანაირი ინიციატივით აღარ გამოვალთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას საქარათველოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე და მათ შორის საქართველოზე. ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.