საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრო.
გახსნის ცერემონიაზე მყოფმა 5 ათასმა სპორტსმენმა და 80 ათასმა დამსწრემ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 21 წლის ქართველი სპორტსმენის, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას, რომელიც ოლიმპიადის წინა შესარჩევი გარბენის დროს გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი საქართველოს ნაკრების გამოსვლის შემდეგ დატოვა. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც სახელმწიფო მეთურებისა და მთავრობათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა კანადის გენერალ-გუბერნატორისა და პრემიერ-მინისტრის სახელით. მიღება ზამთრის 21-ე ოლიმპიადის გახსნას ეძღვნებოდა და ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას აქაც წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ოლიმპიური სოფლის ქართულ სახლსაც ესტუმრა და ნოდარ ქუმარიტაშვილის თანაგუნდელებს გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბაკურიანში გაიხსნება სპორტული ციგაობის ტრასა, რომელსაც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი მიენიჭება.
ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო, სპორტსმენის ახლობლებსა და მთელ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გამოუცხადა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ სპორტსმენებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ბევრ სირთულეს წააწყდა.
"ეს არის პატარა, 5-მილიონიანი ერი და აქ ჩამოსული სპორტსმენები ძალიან ამაყობენ იმით, რომ ოლიმპიადაზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ. ასეთი დანაკარგი ძალზე დიდი ტრაგედიაა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.