უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ინდოეთი მზად არის, შუამავლობა გაუწიოს შავი ზღვის გავლით სურსათის დერეფნების ამოქმედებას და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვაში დახმარება უზრუნველყოს.
„ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვესაუბრე. მას დიპლომატიურ ვითარებაზე ველაპარაკე“, -აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა აქტიურად ემზადება აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილ ყველა საკითხზე.
„უკრაინა ყოველთვის კონსტრუქციულად არის განწყობილი და რუსეთის მხრიდანაც დეესკალაციისთვის მზადყოფნაა საჭირო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ინდოეთმა განსაზღვროს, რა ნაბიჯებითა და სხვა ლიდერებთან დიალოგით შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.
ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი შესაძლო მიმართულება სასურსათო უსაფრთხოებაა.
„ჩვენ განვიხილეთ, როგორ ბლოკავს რუსეთი შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტს. ინდოეთი მზად არის, შუამავლობა გაუწიოს სასურსათო დერეფნების ამოქმედებას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელების იმედი გვაქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ საზღვაო გზების ბლოკადით ზარალდება როგორც მისი ეკონომიკა, ისე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ასობით მილიონი ადამიანი.
„შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ამ და სხვა ორმხრივ საკითხებზე კონტაქტს შეინარჩუნებენ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.