შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ 13 ნოემბერს, საღამოს საათებში, სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებიდან მისი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში გადაყვანა, შესაძლოა, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ე.წ. „კანონიერი ქურდების" პროვოცირების მიზნით იყოს გაკეთებული. ეს ინფორმაცია "კახეთის საინფორმაციო' ცენტრმა გაავრცელა.
„წესით,მატროსოვზე, წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა ვიყო, წამომიყვანეს და მე-7 საპყრობილეში მომათავსეს, სადაც „კანონიერი ქურდები" არიან. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წყვეტს, სად მომათავსებენ, მაგრამ აქ ჩემი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. კი, დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომლები მაქსიმალურს აკეთებენ ამ დროისთვის, არანაირი პრეტენზია მათთან არ მაქვს, მაგრამ აქ დაცული მაინც ვერ ვიქნები. შესაძლოა, ჩემი აქ მოყვანის მიზანი ე.წ. „კანონიერი ქურდების" პროვოცირებაც იყოს. აქ შეიძლება მომკლან", - განუცხადა ბაჩო ახალაიამ მე-7 დაწესებულებაში შესულ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს.
ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში განთავსებულია ცალკე საკანში, სადაც დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. გვერდით მდებარე საკნები არის ცარიელი, დერეფანი ერთი მხრიდან იზოლირებულია რკინის გისოსით, ხოლო მეორე მხრიდან თაბაშირის ფანერით ე.წ. „გიფსოკარდონით". საკანთან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დგანან. დერეფანში დამონტაჟებულია 2 ვიდეოთვალი. იმავე სართულზე, სადაც ბაჩო ახალაიაა მოთავსებული, სხვა საკნებში (დაკავებულია 7 საკანი) იმყოფებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები და ე.წ. „კანონიერი ქურდები". დაწესებულების ადმინისტრაციის განმარტებით, მე-7 საპყრობილეში სულ მოთავსებულია 35 პატიმარი, აქედან 34 მსჯავრდებულია, საიდანაც 20 ე.წ. „კანონიერი ქურდია". დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრებიდან წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ბაჩო ახალაია იმყოფება.
მონიტორებთან საუბრის დროს ახალაიამ აღნიშნა, რომ რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ბრალდებული ბაჩანა ახალაია, N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან N7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 2012 წლის 14 ნოემბერს გადაიყვანეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, ბრალდებულის ეტაპირება მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა.
„N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასჯელს 35 პატიმარი იხდის, ბრალდებული ბაჩო ახალაია მოთავსებულია ოთხადგილიან საკანში. ამასთანავე, სივრცე სრულიად იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან, რათა ბრალდებულმა თავისუფლად და უსაფრთხოდ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული გასეირნების უფლება. მისი უსაფრთხოება, 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილია დაცვისა და სათვალთვალო კამერების საშუალებით. ბრალდებულის მონახულების საშუალება აქვთ სამუშაო საათებში ადვოკატებს, ხოლო დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სახალხო დამცველის აპარატის და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს", - განაცხადა მინისტრმა.
მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და წამებაში ადანაშაულებს.