აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე რომან ბოლქვაძე, ლევან გორგილაძე, რამაზ ჯინჭარაძე და ნონა გალოგრე დაამტკიცა.
ბოლქვაძე მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იგი პროფესიით ექიმია, დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1998-2001 წ.წ. მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03-ში, 2002-2011 წ.წ. საქმიანობდა კერძო სექტორში. ბოლქვაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კურირებას ჯანდაცვის დეპარტამენტსა და "საზოგადოებრივ ჯანდაცვას" გაუწევს.
გორგილაძე მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2006-2012 წ.წ. მუშაობდა "ნარკოლოგიურ ცენტრში" - ექიმ ნარკოლოგად, განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად. გორგილაძე, სამინისტროში კურირებას სოციალურ დეპარტანტს გაუწევს და განახორციელებს აჭარის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მეთოდურ ზედამხედველობას.
ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს, 2009 წლიდან კი არის მინისტრის მოადგილე. ჯინჭარაძე სამინისტროში დევნილთა და განსახლების საკითხებს ხელმძღვანელობს.
გალოგრე აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს, ამ ხნის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, 2008 წლიდან არის მინისტრის მოადგილე ფინანსურ საკითხებში.