ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ, კომიტეტის წევრებს "ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის) ცვლილება ნომერი ორი" და "ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის) ცვლილება ნომერი სამი" გააცნო.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის ოდენობა 91.850 599$-დან 109.560 599$-მდე იზრდება. მეორე ცვლილებით კი, გამოყოფილი გრანტის გაზრდა 400 ათასი აშშ დოლარითაა გათვალისწინებული.
კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მხარი დაუჭირეს მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.
კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2011-2012 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კომიტეტის მუშაობა ოთხი ძირითადი მიმართულებით ხორციელდებოდა, კერძოდ, კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობით და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობებით. დარჩიაშვილმა კონკრეტული საერთაშორისო პროექტების შესახებაც ისაუბრა და ცალკე გამოყო ახლად ჩამოყალიბებული საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის მიზნები და ამოცანები.
მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევრონესტი საპარლამენტო დიპლომატიის ხელსაყრელ მექანიზმს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. იგი საქართველო-ევროკავშირის არსებულ ურთიერთობებსაც შეეხო და ამ კუთხით კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ, მადლობა გადაუხადა დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და კვალიფიციური კადრებით კომიტეტის აპარატის დაკომპლექტებისთვის. მისი განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით უკვე მიმდინარე პროექტებს და ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს, კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს. სხდომის დასასრულს, დოლიძემ მიმდინარე წელს ეუთოს და ნატოს დაგეგმილ მინისტერიალებზე და ამ შეხვედრების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.