დღეს, 28 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ვინაობა დასახელდება. ლევან ვარშალოლომიძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ბანკი "ქართუს" აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე.
მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 10 დღეში, ანუ 10 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.
ამ დროისათვის, უცნობია აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, თუმცა კოალიციამ ლიდერს ოთხივე მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები შესთავაზა - სოფლის მეურნეობის მინისტრად - ზაურ ფუტკარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრად - გიორგი თავამაიშვილი, ჯანდაცვის მინისტრად - ნუგზარ სურმანიძე და იმ შემთხვევაში, თუ არჩილ ხაბაძე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურიდან მოიხსნება, მაშინ კოალიციის აჭარის ფრთა მას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს. დასახელებულთაგან მხოლოდ ერთი, გიორგი თავამაიშვილია პარტიული.