ტელე და რადიო "იმედის" საინფორმაციო სამსახურები მუშაობას წყვეტენ - 17 საათზე ტელეკომპანიის ეთერში ბოლო სპეციალური საინფორმაციო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალმა მენეჯმენტმა მიიღო.
"ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გადაწყდა, რომ გადაბარების პროცესის დასრულებამდე საინფორმაციო გამოშვებები ეთერში აღარ გავა. ახალი მენეჯმენტის განმარტებით. "ქრონიკა" პირდაპირი ეთერის რეჟიმს, უახლოეს პერიოდში, გადაბარების პროცესის დასრულებისთანავე დაუბრუნდება", - განაცხადა ტელეკომპანიამ 17 საათზე საინფორმაციო გამოშვებაში.
"იმედის" შენობაში ამ დრომდე იმყოფებიან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები. ინა გუდავაძის თქმით, არხის საკადრო პოლიტიკისა და სხვა საკითხების მოსაგვარებლად მათ მცირე პერიოდი დასჭირდებათ, გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ კი არხზე საინფორმაციო გამოშვებები კვლავ განახლდება.
არხის მმართველის თანამდებობა დატოვა გიორგი არველაძემ, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" ხელმძღვანელია.